„იმედია, რომ პროცესი მშვიდობისკენ წავა, რადგან ეკონომიკურად, ფინანსურად თუ პოლიტიკურად, საბოლოოდ ყველა მხარე ზარალდება ამ ომით“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს რეგიონი ისეთი რთული საჭადრაკო დაფაა, სადაც საფრთხე ყოველთვის იარსებებს. ზოგადად რომ ავხსნათ, თვით ამერიკის პოლიტიკაშიც კი არ არის ერთსულოვნება: ტრამპის გუნდში არიან ისეთები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისაა“ და არიან ე.წ. „ქორები“ — მათ შორის მარკო რუბიო და სხვა მძიმეწონიანი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები.
ამავდროულად, არაერთგვაროვანი ვითარებაა ისრაელშიც. თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ საზოგადოებაში დიდი საპროტესტო განწყობაა. პარალელურად, დღის წესრიგშია აშშ-სა და ირანს შორის არსებული 60-დღიანი მემორანდუმი, გაფორმდა მყიფე ხელშეკრულება ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტასა და „ჰეზბოლას“ განდევნაზე, და ამ ყველაფერს თან სდევს მოახლოებული არჩევნები, რომელსაც რეგიონისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
ისრაელისა და ამერიკის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის წარმომადგენლები საიდუმლო შეხვედრებს მართავენ ნეთანიაჰუს ოპონენტებთან, რაც, ბუნებრივია, მოქმედ პრემიერს აშფოთებს. თავად ნეთანიაჰუს ისედაც არაერთი სისხლის სამართლის საქმე ემუქრება კორუფციული და სხვა დანაშაულებების გამო. ამას ემატება ფარული დაძაბულობა მასსა და დონალდ ტრამპს შორის. ვაშინგტონში დამოკიდებულება ასეთია: „ტრამპის სიტყვა კანონია და ამას ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება“. ნეთანიაჰუ კი ტრამპის პირდაპირ კრიტიკას ვერ ბედავს და ამიტომ პროცესების ჩაშლას ლიბანის კრიზისის გამოყენებით, შემოვლითი გზით ცდილობს.
რაც შეეხება ირანს, თეირანი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, რადგან ხელთ უჭირავს უძლიერესი ბერკეტი — ჰორმუზის სრუტე, რომლითაც შეუძლია დააზარალოს გლობალური ეკონომიკა, ფინანსური და ენერგეტიკული ბაზრები. ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც მოლაპარაკებებში ჩართულები არიან აშშ-ის, პაკისტანის, კატარისა და თავად ირანის წარმომადგენლები (სადაც შიგნითაც არ არის ერთგვაროვანი პოზიცია), მომავლის პროგნოზირება ძალიან რთულია. თუმცა, იმედი მაინც არსებობს, რომ პროცესი მშვიდობისკენ წავა, რადგან ეკონომიკურად, ფინანსურად თუ პოლიტიკურად, საბოლოოდ ყველა მხარე ზარალდება ამ ომით“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


