„ომის პირობებში უკრაინაში არჩევნების ორგანიზება ურთულესი ამოცანა იქნება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
„უკრაინულ მედიაში ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა: ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიბარა. ზალუჟნის მტკიცებით, პრეზიდენტი მას არწმუნებდა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, ზელენსკის გარდა, მასზე გავლენის მოხდენას ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელიც ცდილობდნენ. თუმცა, როგორც უკრაინული მედია იუწყება, ზალუჟნიმ ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
რატომ არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი? მოსკოვი და პირადად პუტინი მიიჩნევენ, რომ ზელენსკი არალეგიტიმურია და ვადაგასული პრეზიდენტის ხელმოწერა გრძელვადიან ხელშეკრულებებზე ვალიდური ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, მათ სჭირდებათ ახალი, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი უკრაინაში. თუმცა აქ ჩნდება მთავარი კითხვის ნიშანი — სად და როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები? დონბასის 80% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ყირიმი ანექსირებულია, ფრონტის ხაზი კი უზარმაზარია. ჩავლენ კი იქ საერთაშორისო დამკვირვებლები ან საერთოდ მივლენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებთან? ანუ, ამ არჩევნების ორგანიზება ურთულესი ამოცანა იქნება.
სხვათა შორის, რუსეთმა ბოლო პერიოდში დაიწყო საკმაოდ მძლავრი და სახიფათო, ე.წ. ზებგერითი დრონების გამოყენება, რომლებიც იმდენად სწრაფია, რომ უკრაინის ამჟამინდელი ანტიდრონული სისტემები მათ ვერ აფიქსირებენ. შესაბამისად, აფეთქებები ხდება — მართალია, არა იმ მასშტაბით, როგორიც კრემლს სურს, მაგრამ ზიანი მაინც დიდია.
მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ხდება თავად რუსეთში. ყველამ ნახა ბენზინგასამართ სადგურებთან შექმნილი კილომეტრიანი რიგები, ჩხუბი და სრული ქაოსი, რაც, ბუნებრივია, პუტინის იმიჯს სერიოზულად ურტყამს. ამ ფონზე ის საყოველთაო მობილიზაციას ვერ გამოაცხადებს, რადგან ქვეყნის შიგნით, მათ შორის შიდა ოპოზიციის მხრიდან, სერიოზული აფეთქებების საფრთხე შეექმნება. ასე რომ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შემოდგომაზე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მართლაც გაიმართოს, სადაც ზელენსკი მონაწილეობას აღარ მიიღებს, ამის შემდეგ კი პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება“, – განაცხადა გია აბაშიძემ.


