„საზოგადოებამ კარგად იცის, თუ საიდან მოდიოდა რეალურად ის შეურაცხმყოფელი და სიძულვილით გაჯერებული ტონი, რომელიც, სამწუხაროდ, მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში დაინერგა. ეს იყო ქართველი კაცისთვის, ქართული მოცემულობისა და ლექსიკისთვის აბსოლუტურად არადამახასიათებელი საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმა, რომელიც პირდაპირ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და იმართებოდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.
„ის, რაც ამ ახალი სამმართველოს შექმნით გაკეთდა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა და ამ გადაწყვეტილებაში დადებითის მეტს ვერაფერს დავინახავთ. სახელმწიფო ჩაერია იქ, სადაც მას შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შელახოს. ამ პროცესში სასამართლოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. კონკრეტული ჯარიმების დადგენა იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანებმა თავიდან ისწავლონ და გაიხსენონ ელემენტარული ნორმები. თუ ვინმეს არ მოსწონს მეორე ადამიანის საქციელი, კეთილი ინებოს, გააკრიტიკოს — მძიმედაც კი, ეს მისი უფლებაა, ოღონდ ოპონენტის ღირსებასა და პატივს ნუ შეეხება და სიძულვილს ნუ დათესავს.
ამ სწორმა კამპანიამ გამოიწვია ის, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი განცხადებები და სტატუსები მკვეთრად შემცირდა. ახლა კი, ვიღაც „აკაცუკებმა“ და მათმა „ბიძაშვილებმა“ — ე.წ. ტელეფონის მეომრებმა, პირადი ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება დაიწყეს. თუმცა, ამ ძალმომრეობით ვერავის ვერაფერს დააკლებენ. ეს თავისი შინაარსით სრული დეგენერატიზმი და, რა თქმა უნდა, ანტისაზოგადოებრივი ქცევაა.
რაც შეეხება შერიგებას — ვცდილობ რადიკალური განცხადებები არ გავაკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ერთი სიმართლე, რომელიც საქართველოში კარგად იცის მილიონ ორასი ათასზე მეტმა ადამიანმა. თუმცა, ქვეყანაში არიან ჯგუფები და ე.წ. ბაბლები, რომლებიც ხელებს სახეზე იფარებენ და არაფრის დანახვა არ სურთ. მათ არ უნდათ, მაგალითად, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში ძალადობრივი შეჭრის მცდელობის დანახვა და შეფასება, პარლამენტი რომ კინაღამ გადაწვეს და პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, ეს თურმე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყოფილა. ამ ადამიანებს რა შერიგებაზე უნდა ვესაუბროთ ან რა უნდა ავუხსნათ?“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


