„ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული გეგმა, მიზანი და ამოცანა — პირველი, ეს არის 0% ოკუპირებული ტერიტორია და მეორე, 0% სიღარიბე საქართველოში. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ამ მიზნების მისაღწევი საშუალებაა“ – დავით მათიკაშვილი

27

„ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული გეგმა, მიზანი და ამოცანა — პირველი, ეს არის 0% ოკუპირებული ტერიტორია და მეორე, 0% სიღარიბე საქართველოში. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ამ მიზნების მისაღწევი საშუალებაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთს, აქვს მუდმივი ინტერესები და შეიძლება მუდმივი მეგობრები არც მას ჰყავდეს. თუმცა ამერიკა ის ქვეყანაა, ვისთანაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ხელი გავუწოდოთ სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო: როდესაც ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იღუპებოდნენ და ვაშინგტონს როცა დასჭირდებოდა — „დემოკრატიულები“ ვიყავით, ხოლო როცა დასჭირდებოდა — თითქოს დემოკრატია უკან მიდიოდა. ასე არა! ჩვენ მზად ვართ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლოთ ობიექტურ, სამართლიან, ურთიერთთანასწორ და ურთიერთსასარგებლო პირობებზე.

ჩვენი მრავალვექტორული დიპლომატია ყურით მოთრეული ხომ არ არის, რომ ავდგეთ და ასე შუბლით კედელს დავეჯახოთ? საგარეო სტრატეგიული პოლიტიკა ერთია — შენ გაქვს შენი კონკრეტული ვექტორები, მოცემულობა და მონახაზი, მაგრამ ამავდროულად, პოლიტიკა ყველა ქვეყანასთან მაქსიმალურად კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული უნდა იყოს.

აი, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი იდგა? მე სულ ვიმეორებ ამ სიტყვებს: ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული გეგმა, მიზანი და ამოცანა — პირველი, ეს არის 0% ოკუპირებული ტერიტორია და მეორე, 0% სიღარიბე საქართველოში. დამთავრდა! ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ამ მიზნების მისაღწევი საშუალებაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.