„იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია ინტერესი შუა დერეფნის მიმართ, დროული და სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მთავრობამ მისი როლი გამოკვეთა და უფრო წინ წამოსწია პროექტის რეალიზების მიზნებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ პროექტი “ლენდლორდის” მოდელით განვითარდეს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, რითაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება შეაფასა.
როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ხოლო “ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით.
„ეს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, რომ გააფართოოს ინვესტორების პალიტრა; მეტი სითამამე ექნებათ ინვესტორებს, ვინაიდან სახელმწიფო მეტს რისკავს და დაბალანსებულია რისკი, პროექტიდან გამომდინარე, შესაბამისად, საუკეთესო წინადადების გამოვლენისთვის სწორად გადადგმული ნაბიჯია“, – აცხადებს აკაკი საღირაშვილი.


