ირაკლი კირცხალია პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შესახებ: „ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე ჩვენ წინააღმდეგ აღიძრას საქმე“

19

„სულ სამი ფაქტი მოიძიეს [გახარიას პარტიის წევრებმა]. ბრიტანეთში – საპარლამენტო კორპორატიულ საღამოზე დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა. საბერძნეთში, სადაც, რეალურად, მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს, როგორც ვიცი, მოტეხილობები ჰქონდა. მესამე – სენეგალში, სადაც [პარლამენტარმა] ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ. მე თვითონ ვუშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ამ თემაზე [ჩხუბზე] ჩვენ წინააღმდეგ აღიძრას საქმე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

„ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ, რეალურად, არ არსებობს პრეცედენტი. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს საზოგადოებას პარლამენტებში, მსოფლიო მასშტაბით. ასე რომ, ველოდებით ცნობას“, – აღნიშნა კირცხალიამ.

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებების სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტებს ეძებს, თუმცა ინციდენტიდან მეათე დღეს ე.წ. პრეცედენტების წარმოდგენას რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. ფაქტობრივად, ათი დღის განმავლობაში მოიძიეს ორსულ ქალზე ფიზიკური ძალადობა. სენეგალში პარლამენტის ორ ოპოზიციონერ წევრს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო. მეორე ამბავი ეხება ბრიტანეთს, თუმცა დამალეს, რომ ინციდენტი კარაოკე საღამოზე მოხდა და არა სხდომის დროს; ასევე აქვთ საბერძნეთის მაგალითი, სადაც საქმე ეხება მძიმე დაზიანებებს, რომლის შესახებაც, როგორც გამონაკლისზე, ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემაც ილაპარაკა. გიორგი გახარიას პარტია “ქრონიკასთან” კომენტარს არ აკეთებს.