ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრების შესახებ: „თურმე, მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის – არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ“

30

„ბოლო პერიოდში ე.წ. ფლაგმანია, სამწუხაროდ, ბრიტანეთი, მისი ხელისუფლება, მისი დიპლომატიური მისია საქართველოში. როდესაც უსტანდარტობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი აკეთებს ყველაფერს და ქმნის ისეთ საკანონმდებლო სივრცეს, სადაც დღევანდელი გამოწვევები უნდა იყოს პასუხგაცემული“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთში საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესების გამკაცრებას.

„მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი; ჩვენთვის, თურმე, არ შეიძლება ეს. მათთვის, თურმე, შეიძლება, რომ სხვადასხვა კანონი, რომელზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იყოს მნიშვნელოვანი მათი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენს ქვეყანას, თურმე, უსაფრთხოების გამოწვევები არ აქვს. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, რომელსაც ნათლად ვხედავთ და ძალიან ნათელი პასუხებიც გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს პოზიცია ჩვენი ხელისუფლების, ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება წლებია, გვიკვეთავს, სწორედ ეს პოზიცია, ჩვენი პასუხები და ჩვენი ორ ფეხზე დგომა არის შემდგომ მათი განცხადებების გამწვავების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დიდმა ბრიტანეთმა საზღვარგარეთიდან პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი წესები გაამკაცრა. მიზანი საარჩევნო პროცესზე უცხოური ფინანსური გავლენის პრევენციაა. პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ კანდიდატობამდე მიღებული 2230 გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოწირულობის დეკლარირება და დამტკიცება, რომ ნებისმიერი წინასაარჩევნო დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან იყო მიღებული.