ნიკოლოზ მეტრეველი გრიგოლ გეგელიას განცხადების შესახებ: „უცნაურია, როგორ ახერხებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილოს, თითქოს, საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვს“

21

„ანაკლიის პორტი საქართველოს გეოპოლიტიკური ბერკეტია და არა „მეგობრობის კლუბი”. უცნაურია, როგორ ახერხებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები მუდმივად სხვების თანამონაწილეობით განიხილოს. თითქოს, საკუთარი სახელმწიფოს მართვის უნარის რწმენა საერთოდ დაკარგული აქვს“, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს” ერთ-ერთი სპიკერის, გრიგოლ გეგელიას განცხადების შესახებ რომელშიც ნათქვამია, რომ მათი წინადადებაა, „საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს”.

„რადგან უსამშობლო პოლიტიკოსებს ანაკლიის პორტის მართვაში მეზობლების ჩართვა ასეთ ბრწყინვალე იდეად ეჩვენებათ, მაშინ ისიც პირდაპირ გვითხრან, რომელ სტრატეგიულ ობიექტს ვაბარებთ შემდეგ – რკინიგზას? ენერგეტიკას? აეროპორტებს? თუ მხოლოდ ანაკლიით იწყება ეს „ტოპ ტვინური აზროვნება”?

პარტნიორობა მისასალმებელია, მაგრამ სტრატეგიული ობიექტების მართვა საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ვისაც ეს განსხვავება არ ესმის, ან სახელმწიფოებრივი აზროვნება აკლია, ან ზედმეტადაა გატაცებული პოლიტიკური ექსპერიმენტებით“, – წერს მეტრეველი.