„ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ გარე დავალებების შესრულება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება“, – წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ქართველი ხალხი, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, იმასაც გვიფასებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას სწორედ საქართველოში ვიღებთ; რომ თითოეული ნაბიჯით უფრო დამოუკიდებლები და უფრო სუვერენულები ვხდებით; რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ვატარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ — სხვა დანარჩენისას; რომ ვიცავთ ყველაფერს, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს; და რომ ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან დღის წესრიგს ჩვენვე ვაყალიბებთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის: გრიგოლ გეგელიამ დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოზიცია გაახმოვანა: „ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს“.


