გურამ მაჭარაშვილი: „პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატო-ში იყო ილუზია და ასევე ღიად უთხრეს უკრაინას, – რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო“

27

„ნატო-ს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატო-ს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას, უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ, გაგვაგებინონ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში მიმდინარე ნატო-ს სამიტის კომენტირებისას.

„ეს არის მოკავშირეებისა და ასპირანტების შეხვედრა. სადაც არის საჭირო, საქართველოს იქ მიიწვევენ, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა – შედეგი. შედეგი კი ისაა, რომ საქართველო დღეს ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სტაბილურობასა და მშვიდობას.

გავიხსენოთ, რატომ დაიწყო ომი უკრაინაში – სწორედ იმის გამო, რომ მან ნატო-ს წევრობაზე არ თქვა უარი. ახლა მარტივი კითხვა მაქვს: ღირდა ეს იმად, რა მდგომარეობაშიცაა ახლა უკრაინა? გარდა ამისა, მიიღო სრული უპერსპექტივობა, რაზეც პირდაპირ საუბრობენ ნატო-ს ლიდერები. ამ ვითარებაში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს? თუ ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა ნატო-ს წევრობის პერსპექტივა, ეს საქართველო იყო. გავიხსენოთ, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში, ყველაზე დიდი კონტრიბუცია ჩვენი იყო და ყველა პირობა და ვალდებულება ჩვენი მხრიდან შესრულდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო დამაბრკოლებელი? მაგრამ ამ ფონზე პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატო-ში იყო ილუზია. ასევე პირდაპირ თქვეს, და ეს უკრაინას ღიად უთხრეს, – რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო.

წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატო-ს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას, უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ, გაგვაგებინონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.