„პარადოქსია, როდესაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებში საქართველო ყოველკვირას მოწინავე პოზიციებზე სახელდება, ამ დროს კი ჯო უილსონი და მისი კოლეგები ქვეყნის უკუსვლაზე საუბრობენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიციირებული რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ნებისმიერი ტიპის რეზოლუცია მინიმუმ იმით მაინც არის საყურადღებო, თუ რა წერია მასში შინაარსობრივად და ვინ არის მისი ავტორი. როდესაც ვხედავთ, რომ ავტორი ჯო უილსონია, შეიძლება ამ რეზოლუციას აღარც ჩავხედოთ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, ფასიანი განცხადებების გამკეთებელი ადამიანი — ვინც გადაუხდის, იმის პოზიციას გააჟღერებს.
სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ მან, თუ არ ვცდები, თავადვე აღიარა და განაცხადა, რომ ის ახლა „ნაცმოძრაობისა“ და „ნაცაგენტურის“ ინტერესებს წარმოადგენს, თუმცა, სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, მის ინტერესებსაც ასეთივე შემართებით დაიცავდა. ანუ, ჯო უილსონი „დიფსთეითის“ ჩვეულებრივი, ფასიანი აგენტია.
აქედან გამომდინარე, საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი ტიპის არაერთი რეზოლუცია თუ პროექტი ყოფილა და ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ ასეთი დოკუმენტები არ მუშაობს. მეტსაც გეტყვით — პირიქით მუშაობს: რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, მით უფრო გამყარდება საქართველო და მით უფრო გაერთიანდება ქართული საზოგადოება. მსოფლიო პატარაა და საზოგადოებას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს — ყველამ კარგად იცის, ვის რა ზრახვები აქვს.
შესაბამისად, პარადოქსია, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული თუ ამერიკული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა რეიტინგებში საქართველო ყოველკვირას მოწინავე პოზიციებზე სახელდება, ამ დროს კი ჯო უილსონი და მისი კოლეგები ქვეყნის უკუსვლაზე საუბრობენ.
სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობაა ასეთი: ეუთოც მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდის. მაგალითად, გაერო თავად ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა მკვდრადშობილად, ევროკავშირი, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად აღარ არსებობს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, ნატო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისმა მთავარმა დამფუძნებელმა — შეერთებულმა შტატებმა და ასე შემდეგ. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით — დღეს მსოფლიო დღის წესრიგი უკვე უშუალოდ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებით ყალიბდება, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ განცხადებებს კი ფასი აღარ აქვთ.
ეუთოზე კი მინიმუმ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეჯამდა, თავიდან ამბობდნენ, არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდაო, თუმცა შემდგომ უცხოურმა ძალამ პირდაპირ დაარტყა ეუთო/ოდირს და მის წარმომადგენლებს იანვარში საქართველოში ჩამოსვლაც კი აუკრძალა. ხომ წარმოგიდგენიათ, ასეთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თავად უნდა იცავდეს სხვა ქვეყნის ინტერესებს, „დიფსთეითისა“ და ევრობიუროკრატიის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა. ასეთი ორგანიზაციისგან რა რეზოლუცია უნდა გაუკვირდეს ქართულ საზოგადოებას?
დღეს მსოფლიო დღის წესრიგი ამოტრიალებულია და პრაქტიკულად ძალაზე დამყარებული პროცესი მიდის. ეს ძალა ზოგ შემთხვევაში იარაღია — და ვხედავთ, რომ რეგიონში პირდაპირ ომები მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში კი — ეკონომიკური დარტყმები სანქციების სახით. ყველა ვარიანტში, დიპლომატია გვერდზეა გადადებული და ქვეყნებს შორის ინტერესთა გადანაწილებისთვის პირდაპირი ბრძოლა მიდის. სწორედ ამიტომაა, რომ მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები, შეიძლება ითქვას, ღიად გამოცხადდა გაუქმებულად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


