„დღეს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი უსაფრთხოების არქიტექტურის რუსეთთან ერთად შექმნაზე საუბრობენ, ჩვენ გვაქვს კითხვა: ჩვენ სად შევდივართ? მსოფლიო დღის წესრიგი მოითხოვს, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ლავირების პოლიტიკას მივმართოთ, თორემ აუცილებლად რომელიღაც ნანგრევებში მოვყვებით — გვეყო, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნანგრევებში ვცხოვრობდით“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში გამართულ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფორმალურადაც კი, სადაც მიწვევაა, იქ მხოლოდ წევრები არიან და არა, ვთქვათ, პოტენციური წევრები. შესაბამისად, თუკი ვინმე შეიძლება განიხილებოდეს ნატო-სთან ყველაზე დაახლოებულ ქვეყნად, მათივე განცხადებით, ეს საქართველოა. გავიხსენოთ, რომელი ასოცირებული თუ დაახლოებული ქვეყნის საზოგადოებამ მიიღო პროცენტულად ამხელა მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში? ეს არის საქართველო — ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, 30-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ შესწირა სიცოცხლე და ასობით დაინვალიდდა. ასეთი მსხვერპლი პროცენტულად არცერთ სახელმწიფოს არ გაუღია. ეს არის ის მოცემულობა, რასაც, სამწუხაროდ, ყურადღებას აღარ აქცევენ.
ამაზე მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო? ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომები ტარდებოდა ხან ბრიუსელში, ხან თბილისში, იმართებოდა ერთობლივი წვრთნები. მათივე განცხადებებს შეგახსენებთ: 2016 წელს მეც გახლდით ნატო-ს შტაბ-ბინაში, სადაც პირდაპირ აღიარეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც აბსოლუტურად ყველა პირობა დააკმაყოფილა და დღეს ის სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით მზად არის ალიანსში გასაწევრიანებლად. დარჩენილია მხოლოდ ნატო-ს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნება. აი, ეს პასუხი მოგვცეს ნატო-ს შტაბ-ბინაში. როდესაც ვიკითხეთ, რომ ამ პოლიტიკურ ნებას უკვე ათეული წლებია ველოდებით, პირდაპირ გვითხრეს, რომ აქ მთავარი ფაქტორი რუსეთის ფედერაციაა. ეს არის ის, რაც, სამწუხაროდ, უკრაინასაც დახვდა წინ, როდესაც ნატო-ზე უარის ართქმის გამო მოხდა ის უბედურება, რაც მოხდა.
ასე რომ, გადავხედოთ დღევანდელ რეალობას და გავიხსენოთ, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, როდესაც ის საუბრობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე რუსეთთან ერთად, იგივეზე საუბრობს გერმანიის კანცლერიც. მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვა: თუ ევროპა რუსეთთან აპირებს მომავალში სამხედრო არქიტექტურის შექმნას, ჩვენ სად შევდივართ?
დღევანდელობა და მსოფლიო დღის წესრიგი მოითხოვს იმას, რომ ყოველმა სახელმწიფომ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ლავირების პოლიტიკას მიმართოს. სხვა შემთხვევაში, თუ მრავალპროფილური პოლიტიკა არ გაქვს, აუცილებლად რომელიღაც ნანგრევებში მოყვები. გვეყო, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ათეული წლების განმავლობაში, მუდამ სხვადასხვა ნანგრევებში ვყვებოდით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


