გურამ მაჭარაშვილი: „სომხეთის ლავირების პოლიტიკას რუსეთთან ევრობიუროკრატია რატომღაც არ აკრიტიკებს. ხოლო როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით და პრაგმატული პოლიტიკა გვჭირდება, რათა ქვეყანა კიდევ რაიმე უბედურებაში არ გავხვიოთ, საქართველოს მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ. აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი“

25

„სომხეთის ლავირების პოლიტიკას რუსეთთან ევრობიუროკრატია რატომღაც არ აკრიტიკებს. ხოლო როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით და პრაგმატული პოლიტიკა გვჭირდება, რათა ქვეყანა კიდევ რაიმე უბედურებაში არ გავხვიოთ, საქართველოს მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ. აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა და საქართველოში არ ჩამოსულა, „ნაცაგენტურამ“ ამაზე ერთი აჟიოტაჟი ატეხა — აი, სომხეთმა გაგვისწროო. თუმცა, დავუკვირდეთ, რა თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა – მან პირდაპირ უთხრა ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომ ჩვენ კი ვდგავართ ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არ დავუშვებთ რუსეთთან კონფლიქტში შესვლასო. ამასთან, ვიცით, რომ ფაშინიანის ვიზიტი მოსკოვშიც არის დაგეგმილი. სომხეთის გადასახედიდან ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვეულებრივ, ლავირების პოლიტიკას ატარებენ.

მაგრამ საინტერესო ისაა, რომ სომხეთის ამ პოლიტიკას ევრობიუროკრატიიდან რატომღაც არავინ აკრიტიკებს. როდესაც ჩვენ, საქართველოში, ვამბობთ, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით და განსაკუთრებით პრაგმატული პოლიტიკა გვჭირდება, რათა ქვეყანა კიდევ რაიმე უბედურებაში არ გავხვიოთ, ამ მიმართულებით ევრობიუროკრატია აქეთ გვებრძვის და საქართველოს მიმართ პრეტენზიები აქვს. აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ქართული საზოგადოება უკვე ნათლად ხედავს.

რაც მთავარია, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა მოსწონს თავად ევრობიუროკრატიის ძალიან ბევრ წევრს, რომელიც ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, თუმცა დელეგაციების ფორმატში, კულისებში ღიად აღიარებენ, თუ როგორ უძლებს ეს პატარა ქვეყანა ასეთ დიდ გამოწვევებს მსოფლიოსა და რეგიონში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.