გურამ მაჭარაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: „ეს უწყება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, რამაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა — შეიძლება ითქვას, რომ ბულინგი, შეურაცხყოფა და მსგავსი ქმედებები მინიმუმამდეა დაყვანილი“

26

„ეს უწყება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, რამაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა — შეიძლება ითქვას, რომ ბულინგი, შეურაცხყოფა და მსგავსი ქმედებები მინიმუმამდეა დაყვანილი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან კარგია ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პრაქტიკაში ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი უწყება საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, რამაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა. ეს შედეგები სახეზეა — შეიძლება ითქვას, რომ ბულინგი, შეურაცხყოფა და მსგავსი ქმედებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

უნდა აღინიშნოს, რომ დაუსჯელობის სინდრომი იქიდანაც მოდიოდა, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანი ბევრად უფრო თამამია, იცის, რომ იქ ნაკლებად მოძებნიან და ეს სიმამაცე გინებაში, შეურაცხყოფასა და ბულინგში გადასდიოდა. დღეს კი, როდესაც ეს უწყება ამოქმედდა, შედეგები თვალნათლივ დავინახეთ და ეს მიდგომა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

როცა ადამიანმა იცის, რომ არასწორი საქციელის გამო მას აუცილებლად დააჯარიმებენ, ის ერიდება ასეთ ქმედებებს. მხოლოდ აკრძალვით ბულინგი თუ შეურაცხყოფა არცერთ ქვეყანაში არ გამქრალა, თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსი რომ არ არსებობდეს, კრიმინალი ხომ საერთოდ წალეკავდა სახელმწიფოს? ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი აღარ არსებობს, მაგრამ ის მინიმუმამდეა დასული. იგივე ხდება აქაც: როდესაც ადამიანმა იცის, რომ შეურაცხყოფის, გინებისა და ბულინგის გამო არავინ დააჯარიმებს, ის თავს სრულიად თავისუფლად გრძნობს. ამ რეგულაციებით კი ადამიანს ელემენტარული კულტურა უყალიბდება — კი ბატონო, დააფიქსიროს კრიტიკული და განსხვავებული აზრი, მაგრამ ნუ გადავა შეურაცხყოფასა და ბულინგზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.