„რადიკალურმა ოპოზიციამ „პოლიტიკურ გარდაცვალებას“ მაშინ მიაღწია, როდესაც საკუთარი ამომრჩევლის ნება „ქუჩაში მოისროლა“ და ხელისუფლების ხელში ჩაგდება რევოლუციის გზით მოინდომა“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალურ ოპზოციაზე საუბრისას განაცხადა.
„რადიკალურმა ოპოზიციამ „პოლიტიკურ გარდაცვალებას“ მაშინ მიაღწია, როდესაც 2024 წელს საკუთარი ამომრჩევლის ნება „ქუჩაში მოისროლა“, უცხო ქვეყნის კარნახს მიჰყვა და, რადგან საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება რევოლუციის გზით მოინდომა. საბოლოო ჯამში, მათ ამით დაისამარეს თავი.
პულსი ესინჯებათ თუ არ ესინჯებათ, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ამ ოპოზიციას ხალხის ნდობა არ გააჩნია — ეს მოცემულობაა. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში კრახი განიცადა დასავლურმა პოლიტტექნოლოგიამ, რომელიც ფერად რევოლუციებსა და არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად. ამ პოლიტიკის კრახი აშკარაა, ხოლო მისი უშუალო „გამომჭედავები“ სწორედ ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათი ლიდერები და მათი უცხოელი — ზოგი ღია და ზოგიც ფარული — მფარველები არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


