„როდესაც ქალბატონ რასასა და მის კომპანიონებს იმის სითავხედე ეყოთ, რომ საქართველოს ეკლესია რეზოლუციაში „რუსულ ქსელად“ მოიხსენიეს, მოთმინების ფიალა აივსო და მათ საკადრისი პასუხიც მიიღეს“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეკლესია ყოველთვის ცდილობს, პოლიტიკაში ღიად არ ჩაერიოს. მისი ძირითადი სხეული — სამღვდელოება — ქადაგებების დროსაც თუ არჩევნების პერიოდში მაქსიმალურად არიდებს თავს პოლიტიკური განცხადებებისა თუ რაიმე ტიპის მინიშნებებისგან, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორი პოზიციაა. თუმცა ჩვენ დავინახეთ (უფრო სწორად, ჩვენთვის ეს ისედაც ცნობილი იყო და ახლა ფართო საზოგადოებამაც ნათლად დაინახა), რომ გარკვეულ ძალებს ეკლესიის პირდაპირი პოლიტიკური ნიშნით გამოყენება სურდათ.
მთელი ამ წლების განმავლობაში ათასგვარი ზეწოლა, ცილისწამება, სიბინძურე და თავდასხმები აწ განსვენებულ პატრიარქსა თუ იმ კანდიდატზე, რომელიც დღეს უკვე პატრიარქი გახლავთ, ზუსტად იმით იყო გამოწვეული, რომ ეკლესია არ ჩადგა ცოდვის სამსახურში. ეკლესიისთვის ნებისმიერი სახის ლგბტ თუ სექსუალური ხასიათის პროპაგანდა მიუღებელია. ეს ქრისტიანობისა და, ალბათ, ნებისმიერი რელიგიის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ზნეობრივი და მორალური ნორმაა, ისინი კი ეკლესიისგან ითხოვდნენ, მოსახლეობა ამ ყველაფრისთვის შეეჩვიათ და შეეგუებინათ. ეს არის ცივილიზაციური კრიზისი, როდესაც ლგბტ პროპაგანდა და ბავშვების ამ სულისკვეთებით აღზრდა დღეს ვიღაცებს პროგრესულ ცივილიზაციურ პროცესად მიაჩნიათ. ეს ცივილიზაციური დეკადენსია და არა პროგრესი.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკლესია ასეთ ნაბიჯზე არ წავიდა, თუმცა დემონსტრაციული განცხადებებისგან თავს მაინც იკავებდა, მაგრამ როდესაც ქალბატონ რასასა და მის კომპანიონებს იმის სითავხედე ეყოთ, რომ საქართველოს ეკლესია თავიანთ რეზოლუციაში „რუსულ ქსელად“ მოიხსენიეს, აქ უკვე მოთმინების ფიალა აივსო და მათ საკადრისი პასუხიც მიიღეს.
ეს ყველაფერი არ არის ცალკეული პირების ინიციატივა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც სურთ, რომ ევროკავშირში შესვლის ერთ-ერთ აუცილებელ მარკერად აქციონ. ეს ყოვლად მიუღებელია და, დარწმუნებული ვარ, თავად ევროკავშირშიც ბევრისთვისაა მიუღებელი, თუმცა საქმე იქამდეა მიყვანილი, რომ მათ უკვე ხმის ამოღების უნარი აქვთ წართმეული. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ეს იდეოლოგიაც მალე საბოლოოდ გაკოტრდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


