ეკა სეფაშვილი: „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა. მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს“

29

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საქართველოს შესახებ.

„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო, ნება მომეცით, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ უცნაურ ვითარებას, რომელიც საქართველოს გარშემო იქმნება. დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს დეკლარაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიშს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ — ანგარიშს, რომელიც ცალსახად დადებითი იყო; უფრო მეტიც – დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი ეყრდნობა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომელიც მხოლოდ ბრალდებებზე მიუთითებს.

ამასთანავე, თავად ანგარიშის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა.

მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს რეალობის არასწორად აღქმისა და საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის.

დღეს, როდესაც მსოფლიო საზოგადოება შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგების წინაშე დგას და თითოეულ სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავება უწევს, მსგავსი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები მხოლოდ აუარესებს გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას. ამგვარი მიდგომით საფრთხე ექმნება თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ, ყველამ უნდა ვიფიქროთ საფრთხეების დეესკალაციაზე და მეტი ძალისხმევა მივმართოთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად — საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემით, ასევე, რეალობის ზუსტად ამსახველი ფაქტების სათანადო გათვალისწინებით“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.