ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ავრცელებს.
მე-12 მინისტერიალზე მხარეებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ძირითადი ანგარიშები დაამტკიცეს, რის შედეგადაც „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასასრულს მიუახლოვდა. ასევე, პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალური სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მინისტერიალზე მხარეებმა იმსჯელეს არსებულ შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ რამდენად მზარდია რეგიონის როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.
„საქართველო და აზერბაიჯანი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ, მათ შორის, მწვანე დერეფნის კონტექსტში, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმებისა და ზოგადად, სექტორის განვითარების პერსპექტივებით, ჩვენ უზრუნველვყოთ ძალების გაერთიანება და, ამავდროულად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედრის ფარგლებში საკმაოდ ამომწურავად გვესაუბრა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ, იმ ათწლიანი გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სექტორის განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ საქართველო, პირველ რიგში, გახდეს თვითმყოფადი ელექტროგენერაციის თვალსაზრისით, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენი ენერგეტიკული რესურსის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს ერთობლივი წერილით მიმართეს, რომელშიც ხაზი გაუსვეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და მისი განვითარებისთვის თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.


