შალვა პაპუაშვილი: „დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისა და პოლიტიკური შურისძიებისთვის“

32

„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა, არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ პოლიტიკური ომების ინსტრუმენტად და ამას ვაკვირდებით, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე, როცა სხვადასხვა პლატფორმაზე ხდება ამგვარი ორგანიზაციების ბოროტად გამოყენება საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის და სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები უფლებას აძლევენ ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომ მათ ხელში იარაღი იყვნენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

„დღეს, ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, იქცნენ ყალბი ნარატივების შეთხზვისა და გავრცელების, კონფლიქტების გაღვივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორებად.

ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვის და პოლიტიკური შურისძიებისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.