„ამ დოკუმენტს ქართული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება და ის საქართველოში პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლის, რადგან ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება იღებს — საკუთარი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიციირებული რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ არის განწყობილი ამ რეზოლუციის ავტორი, ჯო უილსონი, საქართველოს, განსაკუთრებით კი მისი ხელისუფლების მიმართ. თავად რეზოლუციას რაც შეეხება, ეს არის ფარატინა ფურცელი, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ ექნება, რადგან ერთი მხარეა ჯო უილსონის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, ხოლო მეორე — ის პოლიტიკური რეალობა, რაც დღეს საქართველოშია.
ეს შეგვიძლია პირდაპირ მიკერძოებულ რეზოლუციად მივიჩნიოთ. არსებობს ხმები — და დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტებითაც დადასტურდება — რომ ის 38 ადამიანი, რომლებმაც ამ რეზოლუციას ხმა მისცეს, მოგვიანებით სინანულს გამოხატავდნენ „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე.
ცალკე კითხვის ნიშნებს ბადებს ისიც, თუ რაში დასჭირდათ ეს პოლიტიკური მასკარადი. ეუთო, რომელიც ერთ დროს ჭარბი ნდობით სარგებლობდა და რომლის რეპუტაციაც ეჭვგარეშე იყო, დღეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს ორგანიზაცია, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები, გარკვეული ჯგუფების ზეწოლის ქვეშ მოექცა.
სწორედ ეუთო/ოდირი იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და, ფაქტობრივად, ლეგიტიმურად აღიარა. კარგად გვახსოვს, რა თავდასხმები განახორციელა რადიკალურმა ოპოზიციამ ეუთო/ოდირზე ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ. დღეს კი როლები შეიცვალა, ვინაიდან ამ რადიკალურმა ძალამ ჯო უილსონის სახით ახალი დასაყრდენი იპოვა. აშკარაა, რომ თავად უილსონის უკანაც, შესაძლოა, გარკვეული გავლენიანი ძალები იდგნენ. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ — კიდევ ერთი დამაზიანებელი რეზოლუცია.
რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს ქართული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ ექნება და ის საქართველოში პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლის. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება იღებს — საკუთარი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


