„ნაციონალური მოძრაობისგან“ დღეს მხოლოდ სახელია დარჩენილი და საუბარია იმაზე, რომ ის სამართლებრივად საერთოდ გაუქმდეს. თუმცა, მათ შიდაპარტიულ ცხოვრებაში მოვლენები იმდენად ტრაგიკულად და სასაცილოდ ვითარდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, ოფიციალურად გაუქმებამდე თავადვე გაიუქმოს თავი“, — ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„ვინც არ იცის, შემიძლია დანამდვილებით ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დღეს მხოლოდ სახელია დარჩენილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ მიერ ჩადენილი „საქმენი საგმირონი“ ტომებად არის გადაგზავნილი საკონსტიტუციო სასამართლოში და საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივად საერთოდ გაუქმდეს. თუმცა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გამოიტანს, პარტია ფაქტობრივად მანამდე შეწყვეტს არსებობას. მათ შიდაპარტიულ ცხოვრებაში მოვლენები იმდენად ტრაგიკულად და სასაცილოდ ვითარდება, თანაც თავად მიხეილ სააკაშვილის ავანგარდში ყოფნით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, გაუქმებამდე თავადვე გაიუქმოს თავი და ამას ვერანაირი უცხოელი პატრონი თუ ხელოვნური რყევები ვერ ააცილებს.
თუ გადავხედავთ მათ ბოლოდროინდელ ნაბიჯებსა და მიშას გადაწყვეტილებებს — და იმას, თუ რამდენად ეთანხმებიან პარტიაში ამ ყველაფერს — უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი სერიოზულ აგონიაში არიან. რაღაც აპლიკაციებს ქმნიან იმ იმედით, თითქოს ამით რეიტინგი გაეზრდებათ. ანუ იმდენად არაფერი ხელშესახები არ გააჩნიათ და ისე არიან გამოფიტულები, რომ ამომრჩევლისთვის შესთავაზებელი პროგრამაც კი არ აქვთ და მსგავსი საკითხებით არიან დაკავებულები: საწევროები, აპლიკაციები, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობა და ა.შ.
ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური მოღვაწეობა, მით უმეტეს — თავმჯდომარის პოსტზე, როცა გავიგეთ, მართლაც ღიმილისმომგვრელი იყო. შესაძლოა, ნანუკას სხვა სფეროში რაღაც უნარები გააჩნდეს, მაგრამ პოლიტიკა და ნანუკა ჟორჟოლიანი იმდენად წარმოუდგენელი კომბინაციაა, რომ ამაზე სერიოზული შეფასების გაკეთებაც კი შეუძლებელია.
როდესაც დემოკრატიასა და შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხზე საუბრობენ, საინტერესოა, სად ხედავენ ამ ხარისხს? როცა რასაც ბელადი უბრძანებს, ვისზეც მიუთითებს, სწორედ ის უნდა გახდეს თავმჯდომარე, ის უნდა გახდეს მედიატორი სააკაშვილსა და პარტიის წევრებს შორის და ის უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიმღები. ეს ყველაფერი პოლიტიკურ რეალობას სრულიად არის აცდენილი“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


