„როდესაც დონალდ ტრამპის განცხადებებს ვუსმენთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რამდენად დაბალანსებულ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს საქართველოს ხელისუფლება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ თურქეთში გამართულ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რა დღეში ჩააგდო უკრაინა ამ პროცესებმა: შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის იმ გენოფონდის დიდი ნაწილი, რაც ქვეყანას გააჩნდა, აღარ არსებობს, აღარ არსებობს არც ინფრასტრუქტურა და აგერ უკვე რამდენი წელია, ისინი უწყვეტი ომის რეჟიმში არიან. და ეს ყველაფერი რა დაპირების გამო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით — უკრაინა დღეს უმძიმეს ფასს იხდის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იმედისთვის.
ვხედავთ იმასაც, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, ღია კარში დატოვეს, მოლდოვაზე ხომ საერთოდ საუბარიც აღარ არის. ასეთ ვითარებაში, ვინ ვინ და ამ რადიკალებმა, რომლებიც დღეს თურქეთში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოს არმონაწილეობას აკრიტიკებენ, ყველაზე კარგად იციან, თუ რა გეოპოლიტიკური გადანაწილება და თამაში მიდის მსოფლიოში. როდესაც ამ რეალობის ფონზე ასეთ განცხადებებს აკეთებ, შესაძლოა პირდაპირ ითქვას, რომ ხარ აგენტი, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. ეს არის პირდაპირი მოწოდება იმისკენ, რომ საქართველოში არსებული სიმშვიდე დესტაბილიზაციით შეიცვალოს. სხვანაირად როგორ უნდა შეფასდეს მსგავსი განცხადებები?!“ – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


