თორნიკე ჭეიშვილი ბელგრადის კონფერენციაზე: „ეს კოოპერაცია თავისთავად ძალიან პოზიტიური მოვლენაა — იმედია, ევროკავშირშიც სერიოზულად მოეკიდებიან ამ ახალ ფორუმს და ადეკვატურ მზაობას გამოიჩენენ“

33

„ეს კოოპერაცია თავისთავად ძალიან პოზიტიური მოვლენაა — იმედია, ევროკავშირშიც სერიოზულად მოეკიდებიან ამ ახალ ფორუმს და ადეკვატურ მზაობას გამოიჩენენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა ბელგრადში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ფორმატი დაფუძნდა — გუშინ ამ ფორმატის ფარგლებში პირველი, საინაუგურაციო შეკრება გაიმართა, დღეს კი უკვე მიღებულ იქნა „ბელგრადის დეკლარაცია“, რომელსაც, რა თქმა უნდა, საქართველოც შეუერთდა. ეს ფორუმი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ წევრი სახელმწიფოები მასში პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე მონაწილეობენ. ანუ, თავისი არსით, ეს საპარლამენტო პლატფორმაა და ის საკითხები, რომლებიც კონფერენციის მიმდინარეობისას განიხილება, უაღრესად აქტუალურია ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება კონკრეტულ თემებს: სულ რაღაც ერთი თვის წინ დღის წესრიგში შემოვიდა ახალი საკითხი, რომელიც მარტა კოსის მიერ იქნა გაჟღერებული. ეს ინიციატივა გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარკვეულ სეგრეგაციას იმის მიხედვით, თუ ვინ არის ახლად მიღებული გაერთიანებაში და ვინ – „ძირძველი“ წევრი სახელმწიფო. ეს თემა ვეტოს უფლებას უკავშირდება და, ზოგადად, ქმნის წარმოდგენას, რომ შესაძლოა გაჩნდნენ მეორეხარისხოვანი წევრები, რომელთაც სხვადასხვა ევროსტრუქტურაში არ ექნებათ უფლებათა ის სრული სპექტრი, რაც ტრადიციულად ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის არსებობს.

ამდენად, უმნიშვნელოვანესია, რომ კანდიდატი ქვეყნების ხელისუფლებებმა ხმამაღლა ისაუბრონ ამაზე და მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ იქითკენ, რომ პროცესმა უსამართლო ხასიათი არ შეიძინოს, რათა გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნები, შუა გზაზე, ახალი და დისკრიმინაციული დათქმების მსხვერპლნი არ გახდნენ.

როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, ეს მიდგომა ჩვენთვის უცხო არ არის. სამწუხაროდ, ბრიუსელიდან, ევრობიუროკრატიის მხრიდან, არაერთხელ გვინახავს აბსურდული, ყოვლად უადგილო და უსამართლო განცხადებები, ნაბიჯები თუ ქმედებები საქართველოს მიმართ. შესაძლოა, ეს ტენდენცია სხვა ქვეყნებზე ნაკლებად აისახებოდეს, ან მათ მეტი გამოცდილება ჰქონდეთ ამ თვალსაზრისით, თუმცა ამგვარი კოოპერაციის დაწყება თავისთავად ძალიან პოზიტიური მოვლენაა. იმედია, ევროკავშირშიც სერიოზულად მოეკიდებიან ამ ახალ ფორუმს და თანამშრომლობის ადეკვატურ მზაობას გამოიჩენენ.

როდესაც მომდევნო ღონისძიებებზეა საუბარი, დღის წესრიგშია იდეა, რომ დამკვირვებლების სახით მოწვეულ იქნან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვადასხვა ევროსტრუქტურის პასუხისმგებელი პირები. დიახ, მათ კარგად უნდა იცოდნენ იმ გულისტკივილისა და პოზიციების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში არსებობს ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან მიმართებით. ასე რომ, დაველოდოთ ამ კოოპერაციის თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.