„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომი დაუბრუნდა ფორმატს, რომელიც 8 აპრილამდე არსებობდა“ – შოთა თხელიძე

23

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომი დაუბრუნდა ფორმატს, რომელიც 8 აპრილამდე არსებობდა“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა, შოთა თხელიძემ განაცხადა.

„დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელიც მან ნატოს ანკარის სამიტზე გააკეთა, ის პრაქტიკულად წყვეტს ნებისმიერ დიპლომატიურ პროცესს ირანულ მხარესთან. მოდით განვიხილოთ, რამ გამოიწვია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან თითქმის ერთი თვის თავზე ამ დიპლომატიური კავშირების მოულოდნელი გაწყვეტა?

ბოლო დღეების განმავლობაში ირანმა ჰორმუზის სრუტეში 5 გემზე მიიტანა იერიში — ესენი საუდის არაბეთის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობტანკერები იყო. ორივე მხარე სხვადასხვანაირად განმარტავს იმ ჩანაწერს, რასაც ჰორმუზის სრუტის შემდგომი 60 დღის განმავლობაში გახსნა ჰქვია და რაზეც ირანი მანამდე დათანხმდა. ირანული მხარე აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნებოდა, თუკი გემები ირანის საზღვაო წყლებში, მათ მიერვე დადგენილი მარშრუტით გაივლიდნენ. თუმცა, ამ 5-მა ტანკერმა ომანის საზღვაო წყლებში გაიარა, ანუ ტრანზიტი ირანულ მხარესთან არ შეათანხმა, რის გამოც ისინი თავდასხმის ობიექტები გახდნენ.

თავად ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ეს არის სადამსჯელო სამხედრო ოპერაცია, რომელიც შესაძლოა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის იმ სამხედრო ობიექტებსა და ენერგოპუნქტებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გარშემო მდებარეობს. ეს არის გარკვეულწილად სიგნალი ამერიკის მხრიდან, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის ამერიკულ ვერსიას არ დათანხმდება, ვაშინგტონს სამხედრო ესკალაციის გაგრძელება შეუძლია.

ირანის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, იყო საპასუხო თავდასხმები. ირანის მთავარი სამიზნე ბაჰრეინსა და კუვეიტში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზებია, რასაც დღეს კატარისა და იორდანიის სამხედრო ბაზებიც დაემატა. შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი ამ ორ მხარეს შორის დაუბრუნდა დაახლოებით იმ ფორმატს, რაც 8 აპრილამდე არსებობდა, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველი ვერბალური შეთანხმება გაფორმდებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ საომარი მოქმედებების ფორმატს და იმას, თუ როგორ შეიძლება ის გაგრძელდეს: ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენიმეთვიანი უწყვეტი ომის წარმოების რესურსი აღარ გააჩნია, ამიტომ ეს იქნება ტალღისებური ხასიათის კონფლიქტი. როგორც კი რესურსების მობილიზება მოხდება, შეერთებული შტატები შეძლებს თავდასხმების განახლებას, რის შემდეგაც კვლავ გარკვეულ პაუზას აიღებს. შესაბამისად, ეს პროცესი, შესაძლოა, დაუსრულებელ ომში გადაიზარდოს“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.