„ეს არის დასასრულის არმქონე ომი — რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება იქნება ხანგრძლივი და გამომფიტავი“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა, შოთა თხელიძემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„რატომ ახდენს რუსეთი სამხედრო ესკალაციას? რეალურად, ის გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენეს. რუსეთის ტერიტორიაზე ენერგოინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი და სიგნალი იმისა, რომ უკრაინა სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავს იერიშებს. უფრო მეტიც, თუკი კიევს ექნება შესაძლებლობა, რომ დასავლეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიაწოდოს, ის ამ იარაღსაც გამოიყენებს. სწორედ ამ „შავი სცენარის“ გამოსარიცხად, მოსკოვი პრევენციულად იწყებს ესკალაციას.
ეს პროცესი, ალბათ, გაგრძელდება. ფრონტის ხაზზე დაპირისპირება რუსული მხარის მხრიდან უკვე გააქტიურებულია. რეალურად, კრემლში არსებული ეგრეთ წოდებული ქორების ფრთა ვლადიმერ პუტინისგან უკვე პირდაპირ ითხოვს სამხედრო ესკალაციის დაწყებას.
ამდენად, მათ სხვა გზა აღარ დარჩათ — რაკი მხარეებს შორის დიპლომატიის სივრცე აღარ არსებობს, ყველაფერი ბრძოლის ველზე უნდა გადაწყდეს. ეს არის დასასრულის არმქონე ომი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუკი რომელიმე მხარე საბოლოოდ დამარცხდება. ჯერჯერობით კონფლიქტის დასრულებას პირი არ უჩანს, შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება იქნება ხანგრძლივი, სისტემური და გამომფიტავი“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.


