„ვაშინგტონმა ამ ვერბალური დაპირებით პასუხისმგებლობა მოიხსნა, თორემ პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება რეალურად არაფერს ნიშნავს“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა, შოთა თხელიძემ ნატო-ს ანკარის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დაპირებებზე საუბრისას განაცხადა.
„ამ სამიტზე ერთადერთი ხელშესახები შედეგი უკრაინისთვის ის იყო, რომ ნატო მომავალ, 2027 წელს, მას 70 მილიარდი დოლარით დაეხმარება. მეორე კი ის, რომ თავად დონალდ ტრამპი პერსონალურად დაჰპირდა უკრაინულ მხარეს „პატრიოტის“ (Patriot) საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების წარმოების ლიცენზიის გადაცემას. თუმცა, ესეც მხოლოდ ვერბალური დაპირებაა და წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იგი პრაქტიკაში.
თვითონ „პატრიოტის“ რაკეტების აწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი დეფიციტურია და წარმოების სიჩქარეც საკმაოდ ნელია. ამ ფონზე, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ როგორ უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკრაინაში და, მით უმეტეს, რა რესურსით უნდა შეძლოს ქვეყანამ ამის გაკეთება. ამას რომ დავუმატოთ, ამ პროცესს თავად რუსული მხარეც არ დაუშვებს. სწორედ ამიტომ, ეს უფრო ამერიკის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ჰგავს — უკრაინული მხარე წლებია სთხოვს შეერთებულ შტატებს ამ რაკეტების მიწოდებას, რაზეც აქამდე უარს იღებდა, ახლა კი ამ ვერბალური დაპირებით ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა მოიხსნა, თორემ პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება რეალურად არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.


