“დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან. ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული გეგმები.
„ასევე, ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, განსაკუთრებით, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით. დავსახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უპასუხა:
„ზოგადად, ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის სწორად დაგეგმვა და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, შემდეგი ორი წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


