“სტრასბურგის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ”, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისათვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად რომ გაგრძელდეს მუშაობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


