ნიკოლოზ სამხარაძე: “ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაერო-ში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის”

23

“ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაში მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან არ გვაქვს აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ბატონ გიორგი კახიანს ჰქონდა გამოსვლა. მან ისაუბრა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც ოკუპაციის გამო ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული გაერო-ში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ, ფრანკოფონიის ასამბლეაში, წარმოდგენილი არიან ქვეყნები, რომლებიც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან. ამიტომ, აქ გაისმა მოწოდება ამ ქვეყნების მიმართ, რომ მათ მომავალში მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას.

გვქონდა საუბარი ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე და, ასევე, ეკონომიკურ პროგრესზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს.

ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი იყენებს არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და, ასევე, უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისათვის საქართველოს რეზოლუციისადმი, რომელიც ყოველწლიურად შედის გაერო-ში”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.