„ეს არის ხელოვნურად ჩართული მექანიზმი იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს ყოველდღიურად რაღაც სათქმელი ჰქონდეთ — ოღონდ ის კი არა, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში, არამედ ის, თუ რას ამბობენ გარეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა — 57 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ამხელა ორგანიზაცია — ჯო უილსონის სიტყვებზეა დამოკიდებული. მას გარკვეული მცირე ჯგუფი შეუქმნეს — თქვენ იცით, რომ სულ 38 ადამიანი იყო ამ რეზოლუციის ინიციატორი და საბოლოო ჯამში ეს დეკლარაციაში აისახა. თუმცა, ის, რაც ტყუილია და რეალობას არ შეესაბამება, სად ჩაწერენ — დეკლარაციაში თუ რეზოლუციაში — ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
შედეგი კი რა იყო? გახარებული გვარამიასა და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერების განცხადებები, რომ თურმე ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ არსებობს და ამით საქართველოს პრობლემები ექმნება — ხარობენ ამით. ასეც რომ იყოს, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა და ხალხი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებზე თავი ვერ შეიკავო და სიხარული გამოხატო?! თორემ ასეთ რეზოლუციებს რეალური შედეგი რომ არ მოჰყვება, ეს ყველამ ვიცით. მათ შორის „მოსკოვის მექანიზმიც“, რომელსაც მხარი მხოლოდ 23-მა ქვეყანამ დაუჭირა — ძირითადად იმ ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირში, ევროპარლამენტსა თუ ევროსაბჭოში ჩვენდამი მტრული განწყობით არიან გამორჩეულები.
რამდენჯერ უნდა შეეწიროს ეს ქვეყანა სხვა ქვეყნებისა თუ სხვა პოლიტიკოსების ინტერესებს? ყველაზე მთავარი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვსაუბრობთ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ თუ რამე საყვედური ისმის რეზოლუციების, დეკლარაციებისა თუ პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე, ეს არის ხელოვნურად ჩართული მექანიზმი. ეს კეთდება იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს ყოველდღიურად რაღაც სათქმელი ჰქონდეთ — ოღონდ ის კი არა, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში, არამედ რა ხდება ქვეყნის გარეთ და რას ამბობენ თურმე საქართველოზე კონკრეტული პოლიტიკოსები. საბედნიეროდ, ამ ყველაფერს ქართველი ხალხისთვის და ქართველი ამომრჩევლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.


