„ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა, შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის – ანა ბუჩუკურის შეკითხვას, – რატომ ეძლევა მიხეილ სააკაშვილს ტელევიზიების საშუალებით, პირდაპირ ეთერში, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობისა და თათბირების ჩატარების შესაძლებლობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით მას აკრძალული აქვს.
“ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, – ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ; აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს, ჯერ კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება, სასამართლო იყოს გამოყენებული როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა, თუმცა, კიდევ ერთხელ მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


