საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე.
მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საბაბით ჩვენი საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით. ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას.
ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ.
არანაკლებ შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და ამავე დროს ამ ინსტიტუტების რეპუტაციასა და სანდოობას ლახავს.
ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


