სერდარ ბერდიმუჰამედოვი: “ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით, რაც მიღწეულ იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად. იმედი გვაქვს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას. მინდა, საქართველოს მეგობარ ხალხს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება”

13

“სამხრეთ კავკასია ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიისა და კავკასიის ქვეყნებს შორის გამავალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედისმომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის, მაგალითად, ლაპის ლაზული, იგივე ლაზურიტის დერეფანი, რომელშიც ასევე ავღანეთი შედის, აზერბაიჯანი, თურქეთი და, ასევე, კასპიისა და შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და, ასევე, რუმინეთსაც”, – განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ ტრასეკას სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას – კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა სუბარი ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ინდუსტრიის, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში.

მათ ისტორიული კავშირები გააჩნიათ და ეს კავშირები უკვე ახალ კონტექსტში გადადის. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობას და ჩვენ შევთანხმდით, რომ სრულად დავუჭერთ მხარს ჩვენი ხალხის სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეცნონ ერთმანეთის მდიდარ კულტურას და მემკვიდრეობას. ასევე გვინდა, რომ შეიქმნას პირობები სახელოვნებო სფეროში თანამშრომლობისთვის.

კონტაქტების გაფართოება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში და, ასევე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით – აი, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია ამ მოლაპარაკების პაკეტში, რომელსაც ხელი მოეწერა ამ ვიზიტის ფარგლებში.

ეს ვიზიტი ემთხვევა საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილეს. გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო. უკვე ამ ურთიერთობების 35 წლის იუბილეა.

ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით, რაც მიღწეულ იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად და რასაც მივაღწიეთ დღეს. იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.

მინდა, საქართველოს მეგობარ ხალხს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება“, – განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.