მამუკა მდინარაძე: “ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები – სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები”

17

“ევროპა და ევრობიუროკრატია უკვე აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კარგად გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე მიმდინარე პერიოდში”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„რაც უფრო დიდხანს იქნება ასეთი დამოკიდებულება ევრობიუროკრატების მხრიდან, სამწუხაროდ, ევროპის მიმართ პატივისცემასაც ყავლი გასდის ევრობიუროკრატიის გამოისობით.

ეს სამწუხაროა, ეს არ არის კარგი ამბავი. ისევე, როგორც, მაგალითად, საქართველოში რომ სააკაშვილის მმართველობა დიდხანს გაგრძელებულიყო, საქართველოს სინამდვილეში, მხოლოდ ვიღაცების თქმით, იქნებოდა დემოკრატიის შუქურა და, სინამდვილეში, სასაკლაო ხდებოდა ნელ-ნელა.

უდანაშაულო ადამიანების, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი როგორია, სულ რომ დამნაშავე იყოს, ამ ადამიანების სასაკლაო ხდებოდა და, რაც უფრო დიდხანს იქნებოდა მათი მმართველობა, მით უფრო გამძაფრდებოდა და მძაფრდებოდა დღითიდღე ეს ამბები. რაც უფრო მმართველობის მიწურულს იყვნენ, მით უფრო სასტიკი იყო ის რეჟიმი ადამიანებისა და საკუთარი სამშობლოს მიმართ.

ვიღაცები ცდილობდნენ, რომ, სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან მიმართებით, სააკაშვილი, მისი რეჟიმი და საქართველო ერთმანეთთან გაეეგივებინათ.

დღესაც ვხედავთ ამას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა და დღევანდელი ევრობიუროკრატია აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. ევროპული ღირებულებები არის სხვაგან, ევრობიუროკრატიული გადაწყვეტილებები არის სხვაგან და არაფერი დღეს ევროპის მიმართ დამოკიდებულებას ისე არ აზიანებს, როგორც ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.