„უახლეს ისტორიაში, ალბათ, არცერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში”, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერორიზმს 4 წელია, წარმატებით ვიგერიებთ, ტერორი ჯერ კიდევ გრძელდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან თუ ქვეყნიდან. ეს ხორციელდება ორმხრივად, გარე და შიდა ძალებისგან, თუმცა ეს პოლიტიკური ტერორი ვერ აღწევს მიზანს მარტივი მიზეზის გამო – ყველა მცდელობა უძლურია ხელისუფლების გონიერებისა და “ხალხის ძალის” წინაშე.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სწორედ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ინიციატივით დაიწყო ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ ამის აღკვეთა, პატარა სახელმწიფოები კი, ხშირად, ამ ტერორის მსხვერპლნი ხდებიან. ბევრი მცდელობის მიუხედავად, საქართველო გადარჩა, თუმცა ბრძოლა ამ უიარაღო ომის წინააღმდეგ, რომელიც ტყვიაზე მეტად მძაფრია, გრძელდება.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც დასავლეთის ლიბერალური პოლიტიკის „შედევრია“.
სწორედ მემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა აშშ-ის დღევანდელმა ხელისუფლებამ. ეს არის ულტრალიბერალიზმი, რომელიც ანგრევს ღირებულებათა სისტემას და რომელიც შლის სახელმწიფოთა ეროვნულ იდენტობას ყველგან, სადაც შეაღწევს.
სწორედ ეს სურდათ საქართველოში უცხოური ფულით დაფინანსებული ქართველი აგენტების ხელით. სწორედ ეს არის მიზანი ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის, რომელიც გლობალური პოლიტიკის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მმართველობის ბერკეტებს ეჭიდება.
პოლიტიკური ტერორიზმი ყველა ტერორიზმზე ბევრად უფრო საშიშია. ის ნელი სიკვდილით კლავს სახელმწიფოს, რომლის სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის აღდგენაც უკვე შეუძლებელია ან ერის საუკუნოვანი ბრძოლა სჭირდება.
სწორედ ეს საფრთხე აგვაცილა თავიდან ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და მის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერამ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უკვე პოლიტიკური ტერორიზმის მსხვერპლად ქცეული ქვეყანა ვიქნებოდით.
ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და ამ ტერორისგან საქართველოც საბოლოოდ გათავისუფლდება.
მაგრამ, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებენ. ეს ბრძოლა კვლავ ჩვენი გადასატანია და მას აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.


