ცოტნე კობერიძე: “როცა ვა-ბანკზე წახვალ და მთელ ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა. მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა. ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს”

23

“მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს. მიხეილ სააკაშვილმა კი ყველაზე მეტი ნებელობა გამოიჩინა და აქტიური კამპანია დაიწყო”, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ.

“მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2028 წლის არჩევნებში მთავარი სუბიექტი თვითონ იყოს. ეს გადაწყვეტილება მან გაზაფხულზე მიიღო. ამის შემდეგ გააქტიურდა და პარტია „ახალს“ დაუპირისპირდა.

გადაწყვიტა: ჩემი ოქრო ჩემთან. რა ხმებსაც წართმეულად მიიჩნევს, მის დაბრუნებას მიიჩნევს საჭიროდ, ხოლო ხმებზე დარდობ მაშინ, თუ თვლი, რომ არჩევნებზე გახვალ.

ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში პატარა სასამართლო პროცესები მქონია. იქ ერთი გადახვეული სიტყვა რომ მეთქვა, მოსამართლის შენიშვნას მივიღებდი. მიხეილ სააკაშვილს შესაშური “სპიჩები“ აქვს. რომ იყოს გადაწყვეტილი, რომ ამ კაცს ამდენი არ უნდა ვალაპარაკოთ, სასამართლოში ამის უფლებას არ მისცემდნენ.

ზოგადად, პოლიტიკა ციკლურია. როდესაც ინსტიტუციურ პოლიტიკაზე უარს ამბობ, დაგიდგება მომენტი, როცა ცხელი და ემოციური ფონი აღარ იქნება. ამის მერე პოლიტიკა ჭირს. როცა ვა-ბანკზე წახვალ და მთელ ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა.

ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს, ან, თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა, როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.