„როდესაც ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე რადიკალის გამოხტომა. გუშინ ეს იყო ნოდარ დუმბაძე, მანამდე — ერეკლე მეფე, კიდევ უფრო ადრე — თამარ მეფე, ეკლესია თუ პატრიარქი. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის ერთადერთი ამოცანა ეროვნული ავტორიტეტების დაკნინება და დამცირებაა“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა რადიკალი აქტივისტის, ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადება.
„ეს საკმაოდ მძიმე და მიუღებელი ფაქტი იყო. ვფიქრობ, საკითხი ცოტა კომპლექსურად არის განსახილველი და შესაფასებელი, რადგან ეს არ არის უბრალოდ რამდენიმე რადიკალის ცალკეული გამოხტომა — როდესაც ნოდარ დუმბაძეს აგინებენ, ეს ცოტა ისტორიულ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ.
უნდა ჩავშალოთ ის, რომ წლების განმავლობაში ჯერ მიზანმიმართულად ხდებოდა ჩვენს საზოგადოებაში შუღლის, შეურაცხყოფისა და ადამიანის ღირსების შელახვის წახალისება. ამასთანავე, უნდა განვიხილოთ ისიც (რაც უკვე კონკრეტულად ამ შემთხვევას ეხება), რომ წლების განმავლობაში ასევე მიმდინარეობდა ქართველი ადამიანისთვის ავტორიტეტების შეურაცხყოფა, დამცირება და დაკნინება.
გავიხსენოთ კონკრეტული მაგალითები: გუშინ ეს იყო ნოდარ დუმბაძე, მანამდე იყო ერეკლე მეფე, კიდევ უფრო ადრე — თამარ მეფე, ეკლესია, როგორც ინსტიტუტი და ავტორიტეტი, ჩვენი პატრიარქი ილია მეორე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად და ამ ყველაფერმა სათავე აიღო ჯერ კიდევ 2003 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით (მე ამას ვარდების რევოლუციას არ ვეძახი). ჩვენ გვახსოვს მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიაში, სადაც თქვა: როცა საქართველოში ჩავედი, ქართველი იყო „კეპიანი“, ულვაშებიანი, არაფრის გამკეთებელი და მსმელი ადამიანი, მე კი გამოვიყვანე „ახალი ქართველიო“. ესე იგი, მათ სურდათ „ახალი ქართველის“ გამოყვანა, რომელსაც არ ექნებოდა ღირსება და არ ეყოლებოდა ავტორიტეტი. ანუ, ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. 2012 წლამდე, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, ისინი ამას ასე აკეთებდნენ, ხოლო შემდეგ იგივე გააგრძელეს, ოღონდ უკვე რადიკალური ჯგუფების ხელით.
რა თქმა უნდა, ამის ასე მიშვება არ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ ქმედითი ნაბიჯები: პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ გაიხსნა ჯანსაღი დებატების სივრცე; მეორე ნაბიჯი კი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც უშუალოდ ამ შუღლს, ღირსების შელახვასა და შეურაცხყოფას ებრძვის.
სწორედ ამ ქმედით ნაბიჯებს მოჰყვა აშკარა შედეგი — შემცირებულია მსგავსი შემთხვევები და ჩვენ ამას ციფრებშიც ვხედავთ. ცალკეული გამოხტომები, ალბათ, კვლავ იქნება, მაგრამ რეაგირებაც შესაბამისი მოჰყვება“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


