„ჩვენ ვინარჩუნებთ პრაგმატულ, მშვიდობიან და გონივრულ პოლიტიკას. სწორედ ამის წყალობით გვაქვს ექსპორტისა და ეკონომიკის სტაბილური ზრდა, უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება და საერთო სტაბილურობა ქვეყანაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა განაცხადა.
„ადგილობრივი ექსპორტი წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა, რამაც თანხობრივად 800 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტისთვის, ისე საერთო ბიზნესგარემოსთვის. ეს ყოველივე კი ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ინვესტიციური და ბიზნესკლიმატის შედეგია.
ამ შედეგების განხილვა პოლიტიკური კონტექსტისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია, რადგან ეს წარმატება სწორედ იმ პრაგმატული და გონივრული პოლიტიკის ნაყოფია, რასაც ჩვენი გუნდი ახორციელებს.
ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მინდა შევახსენო ნიკა გვარამიას „წამოცდენა“, როდესაც მან აღნიშნა, თითქოს უკრაინა მალე მოიგებს ომს, მიიღებს ტრილიონებს, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. ანუ, მისი ლოგიკით: უკრაინამ იომა, დაინგრა და მიიღებს დახმარებას, ხოლო საქართველომ არ იომა, არ დაინგრა და შესაბამისად, თანხებსაც ვერ მიიღებს.
ახლა ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ — ეს ადამიანები ხელისუფლების სათავეში რომ ყოფილიყვნენ, საქართველო აუცილებლად ჩაებმებოდა ომში. სწორედ ეს არის მათი მთავარი ამოცანა — ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტებში, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება თუ ჩვენგან ჩრდილოეთით გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი.
წარმოიდგინეთ, ეს რომ გაეკეთებინათ, საქართველო ომში ჩაეთრიათ და ქვეყანა დაენგრიათ, რომელ ადგილობრივ ექსპორტზე, ეკონომიკურ ზრდასა თუ მიმზიდველ ბიზნესგარემოზე იქნებოდა საუბარი?
საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ვინარჩუნებთ პრაგმატულ, მშვიდობიან და გონივრულ პოლიტიკას. სწორედ ამის წყალობით გვაქვს ექსპორტისა და ეკონომიკის სტაბილური ზრდა, უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება და საერთო სტაბილურობა ქვეყანაში“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


