„ევროკავშირი, რომელიც ოდესღაც თანასწორობას, სამართლიანობასა და მშვიდობას ეფუძნებოდა, რადიკალურად შეიცვალა. საერთაშორისო წესრიგი მოიშალა და, ორუელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ცდილობენ გვამყოფონ რეალობაში, სადაც „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა“. საბედნიეროდ, ჩვენ ამ რეალობაში ვერ გვამყოფებენ“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა განაცხადა.
„ის, რომ რამდენიმე ქვეყნის ასოცირებულ წევრებად მიღებას აპირებენ, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ, წარმოუდგენელ უსამართლობად მიმაჩნია. სხვა ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, კონკრეტულად უკრაინასთან მიმართებით — ქვეყანასთან, რომელმაც ასიათასობით უკრაინელის სისხლი დაღვარა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაერთიანებულიყო, ახლა კი ეუბნებიან: „თქვენ გაერთიანდებით ევროკავშირში, მაგრამ არაფრის უფლება არ გექნებათო“. რა დამოკიდებულებაა ეს?!
ჩვენ გვახსოვს, ერთ დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ევროპა ომისგან დანგრეული იყო, შეიქმნა ევროკავშირი. რა იყო მისი მთავარი პრინციპები? — ყოფილიყო თანასწორუფლებიანობა და ევროპა ომს არასდროს აღარ დაენგრია. რა მივიღეთ ახლა? აბსოლუტურად საპირისპირო. რომელ თანასწორუფლებიანობაზეა საუბარი, როდესაც იღებენ ახალ წევრებს და ისე „აკიდებენ“ რაღაც ვალდებულებებს, რომ უფლებაც არ ექნებათ, დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ?!
ასე რომ, ევროკავშირი, რომელიც ოდესღაც თანასწორობას, სამართლიანობასა და მშვიდობას ეფუძნებოდა, რადიკალურად შეიცვალა. საერთაშორისო წესრიგი მოიშალა და, ორუელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ცდილობენ გვამყოფონ რეალობაში, სადაც „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა“. საბედნიეროდ, ჩვენ ამ რეალობაში ვერ გვამყოფებენ“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


