“ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს.
ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და მწერლის მისამართით გამოვლენილი სიძულვილი იმ ძირითადი ხაზის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევას ისახავს”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას ეხმაურება.
„ერის ისტორიული მეხსიერების წაშლა მარტივია, როცა შლი ერის სულიერ საყრდენს და ამას საზოგადოების სინდისად აღიარებული ადამიანების გაუფასურებითა და დაკნინებით ცდილობ. ეს და სხვა მანამდე გამოვლენილი ღია განწყობები, მოხდეს მოღვაწეების დამცირება, ემსახურება ძირითად მიზანს – მოხდეს ერის ისტორიის დისკრედიტაცია და ახალ თაობაში მორალურ კულტურული საყრდენის არსებულიდან გადანაცვლება.
ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა.
მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში – შენი კუთხე და ხალხი. საქართველოში ცოტა ადამიანია, ვისაც დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც არ აქვს წაკითხული და იქიდან მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების კრედოდ არ აქცია.
ასე რომ, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ყველა ამ ქართველის შეურაცხყოფაა.
ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის პოდკასტში გამოყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც, ისტორიულად, ძირითადად, საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ (მაგალითად, საბჭოთა რეპრესიების დროს, როდესაც ანადგურებდნენ განათლებულ ელიტას, აკნინებდნენ ეროვნულ მოღვაწეებს) და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევის მიზანთან ერთად, თავად ამ პოდკასტით ჩაფიქრებულ მათივე “თავისუფლების” მიზანს სცდება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.


