“პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. იმედი მაქვს, ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადსაღებია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დატვირთული იყო უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით, სხვადასხვა მიზეზით. მე ამ მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ, თუმცა იმედი მაქვს, ელჩის მიერ სიგელების გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოექცეს ნორმალურ ჩარჩოში და განვითარდეს ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანასაც და გერმანიასაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის: ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.


