„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში მხოლოდ დიპლომატიურ კავშირებს არ ემსახურება — ეს არის კონკრეტულ ეკონომიკურ სარგებელზე ორიენტირებული ნაბიჯი, რაც საშუალებას მოგვცემს, ბევრად უფრო მაღალი პოზიციებიდან ვიმოქმედოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა, ირაკლი ხელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას.
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სინგაპური ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება, განსაკუთრებით — აზიაში.
ჩვენი ხელისუფლების, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო/ეკონომიკური გუნდის პრაგმატულ მიდგომას ხელშესახები შედეგები მოსდევს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. საკმაოდ მრავალვექტორული მიმართულებით ხორციელდება ვიზიტები როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია მოხდეს და ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ცენტრზე.
ეს პრაგმატიზმი საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს — ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 10%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონში, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებსა თუ ზოგადად მსოფლიოში.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და, შესაბამისად, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ყოველი ნაბიჯი, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს, საქართველოს მოქალაქეზეა ორიენტირებული. გაზრდილი ეკონომიკა ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, უკეთეს ხვალინდელ დღესა და ძლიერ სახელმწიფოს.
დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში კონკრეტული ხელშესახები შედეგებით დასრულდება, რადგან ეს ვიზიტები მხოლოდ დიპლომატიურ კავშირებს არ ემსახურება — ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ სარგებლად უნდა გარდაიქმნას, რაც საშუალებას მოგვცემს, ბევრად უფრო მაღალი პოზიციებიდან ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


