„ეს არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ — წლებია, საქართველოში ცნობადი სახეებისა და ავტორიტეტების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს“,- ასე შეაფასა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა, ირაკლი ხელაძემ რადიკალი აქტივისტის, ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადება.
„ეს არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ — წლებია, საქართველოში ეს მიზანმიმართული კამპანიები მიმდინარეობს, განსაკუთრებით საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისა და ავტორიტეტების მისამართით. ეს აგენტურის ერთ-ერთი მთავარი ხელწერაა, რათა რამენაირად დააკნინონ და გააქრონ ამ ადამიანების მნიშვნელობა საზოგადოებაში, ეს ყველაფერი კი ქილიკით, დაცინვითა და მდარე შინაარსის იუმორით გააკეთონ.
თუმცა საზოგადოებას მინდა გავახსენო: შეიძლება მათთვის ეს რაღაც იუმორისტული ჟანრია, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე შეურაცხყოფები აუტანია ჩვენს საზოგადოებას — თუნდაც ჩვენი სახელოვანი მეფეების მისამართით. ის კი არა, თუ გახსოვთ, ერთ-ერთ გადაცემაში ღვთისმშობელსაც კი დასცინეს. აი, ეს ყველაფერი რომ ავიტანეთ, იმის ბრალია — მაშინ გაცილებით მკაცრი რეაქცია უნდა გვქონოდა და დღეს ნოდარ დუმბაძეს ვეღარ შეაგინებდნენ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


