ირაკლი ხელაძე „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაზე: „ბოლო პერიოდში განებივრებულები ვართ მსგავსი სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით საქართველოს პროგრესს უკავშირდება“

26

„ბოლო პერიოდში განებივრებულები ვართ მსგავსი სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით საქართველოს პროგრესს უკავშირდება“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა, ირაკლი ხელაძემ „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაზე საუბრისას.

„ჩვენ ვნახეთ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული მაჩვენებლები, სადაც საქართველოს ისტორიული ნიშნული უკავია. ბოლო პერიოდში განებივრებულები ვართ მსგავსი სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით საქართველოს პროგრესს უკავშირდება.

კეთილდღეობის ინდექსი მხოლოდ ერთი კომპონენტი არ არის — ეს არის მრავალკომპონენტიანი მიმართულება, რომელიც მოიცავს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ეკონომიკურ ზრდას, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და ასე შემდეგ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ ამ კვლევებს მხოლოდ ქართული ორგანიზაციები არ აქვეყნებენ — სერიოზული, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აფიქსირებენ საქართველოს ხელშესახებ პროგრესს.

საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსაც რომ თავი დავანებოთ, ადგილზეც გვაქვს კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც ამ მაჩვენებლებს ცხადყოფს: საპენსიო ფონდში მონაწილეთა და გადასახადების გადამხდელთა რაოდენობის წლიდან წლამდე გაზრდილი მაჩვენებლები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რიცხვის საგრძნობი შემცირება და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე, სათქმელი ღიად უნდა ითქვას და გაკეთებული საქმე პოზიტიურად შეფასდეს. რა თქმა უნდა, პრობლემები და გამოწვევები არის, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ფაქტია: 2012 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ 13-წლიანი კეთილდღეობის ინდექსის პროგრესის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ისტორიული შედეგი აქვს დაფიქსირებული.

მართალია, გარკვეული ძალები ცდილობენ ეს ყველაფერი გააუფასურონ, მაგრამ საქმეზე ცალსახად მეტყველებს ის შედეგები და ციფრები, რომლებიც კონკრეტულ მონაცემებშია ასახული“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.