„გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან იმ ჩანაწერის ამოღება, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად მოიხსენიებოდა, პირველი პოზიტიური სიგნალია. თუმცა, მხოლოდ სიგნალები საკმარისი არ არის — საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომლებსაც რეალური და ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება“ – ირაკლი ხელაძე

27

„გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან იმ ჩანაწერის ამოღება, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად მოიხსენიებოდა, პირველი პოზიტიური სიგნალია. თუმცა, მხოლოდ სიგნალები საკმარისი არ არის — საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომლებსაც რეალური და ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი, ირაკლი ხელაძე გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ განთავსებული არასწორი ინფორმაციის შესწორებას.

„ყველამ კარგად ვიცით, რით იყო დაკავებული პიტერ ფიშერი საქართველოში ყოფნის პერიოდში. ზოგადად, ელჩები ქვეყნებში დიპლომატიური მისიით ჩადიან, მაგრამ ეს ადამიანი სულ სხვა მისიით იყო ჩამოსული — მაქსიმალურად დაეზიანებინა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო სპეცსამსახურების მიერ მოგზავნილი პირი, რომელმაც მიკერძოებულად ყველაფერი გააკეთა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების დასაზიანებლად.

როგორც იქნა, ამ ადამიანმა ამოწურა თავისი ვადა და გერმანიის მხრიდან უკვე გამოიკვეთა პოზიტიური სიგნალებიც. თუნდაც ის, რომ, როგორც იქნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან გააქრეს ის ჩანაწერი, სადაც საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი მოიხსენიებოდა.

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პოზიტიურ სიგნალებს, ამას დრო გვიჩვენებს. მე, ზოგადად, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი: სანამ ეს გლობალური კონფლიქტები მწვავე ფაზაშია, სანამ „დიფსთეითი“ და ოლიგარქიული, არაფორმალური გავლენების მქონე ჯგუფები ცდილობენ, თავიანთ ინტერესებს მოარგონ ქვეყნები, სახელმწიფოები და ხალხები, ჩემი აზრით, გაცილებით გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ პოზიტიურ სიგნალებს პოზიტიური, ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს.

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გაუქრათ ილუზია და მოლოდინი, თითქოს „ქართულ ოცნებას“ პოზიციებს შეურყევენ. იმდენად ურყევად ვდგავართ და იმდენად მტკიცედ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომ მათაც, შესაძლოა, გაუჩნდათ ჩვენთან დიალოგის, კომპრომისისა და საერთო ენის გამონახვის სურვილი“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.