საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა.
„დღეს შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას. ეს მნიშვნელოვანია როგორც სინგაპურისთვის, ისე საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არა მხოლოდ, – უფრო ფართო რეგიონშიც.
განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი, სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი, ასევე, ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
ნამდვილად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების პოტენციალი და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის საჭიროა ბიზნეს კავშირების გაძლიერება.
ეს ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


