ლევან მაჭავარიანი ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე: „ეს არის ერთგვარი მეთოდი: ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ, ტრადიციები და კულტურა დასაცინი უნდა იყოს. ანუ ის ყველაფერი, რაც შენი ქვეყნის იდენტობის განუყოფელი ნაწილია, იმდენად უნდა გაუბრალოვდეს, რომ საბოლოო ჯამში აზრი დაკარგოს“

15

„ეს არის ერთგვარი მეთოდი: ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ, ტრადიციები და კულტურა დასაცინი უნდა იყოს; ანუ ის ყველაფერი, რაც შენი ქვეყნის იდენტობის განუყოფელი ნაწილია, იმდენად უნდა გაუბრალოვდეს, რომ საბოლოო ჯამში აზრი დაკარგოს“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რადიკალი აქტივისტის, ონისე ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომლითაც ამ გარე ძალებმა თავიანთი აგენტურა გამოკვებეს, გამოზარდეს და ტვინი გამოურეცხეს სწორედ USAID-იდან, უცხოური დაფინანსებებიდან და მდიდარი ენჯეოების მხრიდან შემოსული ფულით. ეს მარტო საქართველოში არ ხდება — ასე მოქმედებენ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის ფსევდოლიბერალური, ულტრამემარცხენე იდეოლოგია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ფაშიზმი, ექსტრემიზმი, რადიკალიზმი. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ ბატონმა რუბიომ ამ ყველაფერს „პოლიტიკური ტერორიზმი“ დაარქვა.

ეს ყველაფერი მართლაც პოლიტიკური ტერორიზმის გამოვლინებაა: ზიზღის ენა, ავტორიტეტების დაცინვა, ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ — სწორედ ამ მდიდარი ენჯეოების, აგენტურისა და ისეთი აქტორების მხრიდან, როგორიც ეს „კომიკოსი“ ბიჭი და მსგავსი პირები არიან. ჩვენ აგრეთვე გვახსოვს მათ მიერ განხორციელებული თავდასხმები მეფეებზე, მაგალითად, ერეკლე მეფის შეურაცხყოფა, სადაც ლევან ბერძენიშვილი და სხვები ფიგურირებდნენ; ნიკა გვარამიას მხრიდანაც გვახსოვს მსგავსი აქტები და ასე შემდეგ.

ეს არის ერთგვარი მეთოდი: ავტორიტეტები არ უნდა არსებობდნენ, ტრადიციები და კულტურა დასაცინი უნდა იყოს; ანუ ის ყველაფერი, რაც შენი ქვეყნის იდენტობის განუყოფელი ნაწილია, იმდენად უნდა გაუბრალოვდეს, რომ საბოლოო ჯამში აზრი დაკარგოს — სწორედ ეს დევს იმ იდეოლოგიის საფუძველში, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.

ამ ახალგაზრდისგანაც რაც მოვისმინეთ, ძალიან გულდასაწყვეტია. როდესაც ნოდარ დუმბაძეს — ასეთ დიდ ქართველს, დიდ მწერალსა და დიდ პიროვნებას — შეურაცხყოფას აყენებ და თან თვითონაც ვერ ხვდები, რას აკეთებ და როგორ გაქვს ტვინი გამორეცხილი, აი, ეს არის ძალიან დიდი უბედურება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.