„თავიდანვე, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებაზე დაიწყო საუბარი, მე ამას ძალიან დიდი სკეპტიციზმით შევხვდი, რადგან არცერთი მიზეზი, რის გამოც ეს კონფლიქტი დაიწყო, არ მოგვარებულა. შესაბამისად, ეს იყო ერთგვარი შესვენება“ ,— ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„ირანი ამ შემთხვევაში შედარებით მომგებიან პოზიციაშია, იქიდან გამომდინარე, რომ ირანმა თუ არ წააგო, უკვე მოგებულია. ამერიკის შეერთებული შტატები ცოტა რთულ პოზიციაშია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მთავარ პრობლემას, რის გამოც ეს კონფლიქტი დაიწყო, ამით მეტ-ნაკლებად აგვარებს.
უნდა ითქვას, რომ ბირთვული იარაღი და „რეჟიმ ჩეინჯი“ უბრალოდ საბაბია — მთავარი არის ნავთობი და აქტივები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დამატებითი ემისია.
აღსანიშნავია, რომ ამ ომის მთავარი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების გიგანტური სახელმწიფო ვალია. ყველაზე მთავარი მაინც „Make America Great Again“-ია, რომლის განხორციელებასაც ისეთი ვეგეტარიანული რეცეპტებით, როგორც ამას MAGA-ს თავდაპირველი შემადგენლობა ფიქრობდა, ათწლეულები დასჭირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ათწლეულები არ აქვს — ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი არეულობა დანარჩენ მსოფლიოში. ვინაიდან, თუ ორი მსოფლიო ომის შედეგად ამერიკა გახდა „Great“, „Again Great“ რატომ არ უნდა გახდეს მესამე მსოფლიო ომის პირობებში?!
მესამე მსოფლიო ომის დაწყება, რა თქმა უნდა, იმ მასშტაბით, როგორც იყო პირველი და მეორე, ძალიან ძნელია, რადგან აქ არის პუტინის ფაქტორი და ასევე მეორე ეკონომიკური გიგანტი — ჩინეთი, რომელთანაც ტრამპმა სატარიფო ომი დააანონსა. თუმცა ჩინეთმა თავისი ჩვეული ღიმილით გამოწვევა მიიღო და აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან სატარიფო ომში ნულოვანი შანსი აქვს, ვინაიდან ამერიკის ეკონომიკა უპირატესად მომსახურების ეკონომიკაა და რეალური ეკონომიკა აღარ არის.
ამიტომ, თუ მთელ მსოფლიოში იქნება არეულობა და ყველგან ცეცხლი დაინთება, მაშინ „ტვინები“ აუცილებლად მოვლენ ამერიკაში, ამერიკაში მოვა სამუშაო ძალა და ამ დროს ევროკავშირი შეეწირება მსხვერპლად ამ ამბავს“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.


