გიორგი ქართველიშვილი: „დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას“

8

„დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას! ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა.

„გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური და სოლიდური, ამავე დროს კი, მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით – მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც კი წავიდეთ“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

„რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ კონკრეტულ მოვლენებს, რომელიც აქტიური განხილვის საგნად იქცა: როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი, როდესაც ონისე ოქრიაშვილი ჩვენს რელიგიაზე, სამაგალითო ქართველ მოღვაწეზე ან ქართველებისთვის ხელშეუხებელ საკითხებზე შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს. მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებს, არამედ მათაც, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ! ამავე დროს, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუკი დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათ ნაბიჯებზე საზოგადოების რეაქციის დანახვის შემდეგაც ვერ ახერხებენ გაიაზრონ, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველი ერის ღირსების შემლახავი თითოეული ქმედებისა და კომენტარის გამო მოვითხოვთ პასუხს.

ვიმეორებ: შევეცდებით, ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა, თუკი შესაბამისი გარემო პირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება!
ჩვენი დედა ეკლესიის, ტრადიციებისა და წინაპრების შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ.

ვპირდებით ყველას, რომ იმ ღირებულებისა და ფასეულობების დაკნინების თუ გაუფასურების ნებისმიერ მცდელობასთან, რომელსაც ჩვენი ერი ეყრდნობა, შეურიგებლები ვიქნებით და თითოეულ მსგავს გამოვლინებაზე სათანადო, პროპორციული რეაგირება გვექნება“, – აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.