საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გეკა გელაძისა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით, სხვადასხვა დროს, ჯამში 11 300 ლარი აიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


